The Times: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობოების განლაგებაზე უარს ამბობს, თუმცა პირობას დებს, რომ პუტინზე ზეწოლის მიზნით, „მკაცრ სანქციებს“ დააწესებს

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების გეგმები შეამცირა, თუმცა პირობა დადო, რომ შეთანხმების დასადებად რუსეთზე ზეწოლის მიზნით, „მკაცრ სანქციებს“ დააწესებს, იუწყება The Times.
„ბრიტანელმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა უკრაინის პორტებისა და ქალაქების დასაცავად 30 000-კაციანი კონტინგენტის განლაგების იდეაზე. როგორც ამბობენ, ახლა უფრო „რეალისტურ მისიას“ გვთავაზობენ, რომელიც მოიცავს დასავლეთ უკრაინის საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უკრაინელი სამხედროების წვრთნების მხარდაჭერას და შავი ზღვის განაღმვას“, - წერს გამოცემა.
13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროკავშირის ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ სანდო სამხედრო გეგმები უკრაინაში „დამადასტურებელი ძალების“ განლაგების შესახებ, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა.
„მოსალოდნელია, რომ კოალიცია უზრუნველყოფს ლოგისტიკას, შეიარაღებასა და სპეციალისტებს წვრთნებისთვის, უკრაინის სახმელეთო ძალების აღდგენისა და რეორგანიზაციის ხელშესაწყობად. ეს ნიშნავს წვრთნებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც ჯარებზე შეტევის ალბათობა ნაკლებია“, - ნათქვამია სტატიაში.
„გარდა ამისა, კოალიცია განახორციელებს საჰაერო სივრცის პატრულირების ამოცანებს ისეთი თვითმფრინავების გამოყენებით, როგორებიცაა „ტაიფუნები“, ან F-35-ები, უკრაინის ცის პატრულირებისთვის და რუსული თავდასხმების აღსაკვეთად. ამ მისიების მიზანია უკრაინის მოსახლეობის დამშვიდება და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის უზრუნველყოფა“, - წერს The Times-ი.
კოალიციის ქვეყნები ასევე დაეხმარებიან შავი ზღვის განაღმვას და უზრუნველყოფენ ყველა გემის უსაფრთხო გადაადგილებას უკრაინის პორტებში და იქიდან.
სტარმერმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის „რეალური“ შანსი არსებობს და ევროპელმა მოკავშირეებმა მისი განხორციელებისთვის დახმარების პირობა დადეს, თუმცა მან ტრამპი დაარწმუნა, რომ „საერთაშორისო საზღვრები არ შეიძლება და არ უნდა შეიცვალოს ძალით“.
„სტარმერმა განაცხადა, რომ პუტინის დათმობებზე წასვლის იძულების მიზნით, „ჩვენ ასევე მზად ვართ, გავზარდოთ რუსეთზე ზეწოლა, განსაკუთრებით მის ეკონომიკაზე, საჭიროების შემთხვევაში, სანქციებისა და უფრო ფართო ზომების გამოყენებით. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, ამ მხრივ მკაცრი სანქციების შემდგომ პაკეტებს ვამზადებთ“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს და მოითხოვს 260 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას, მაგრამ ისინი ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევენ. ამასთან, სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად „ყველაფერი განიხილება“.