The Telegraph: უკრაინა ტრამპისგან „აბსურდულ“ უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს
უკრაინა უარს ამბობს შეერთებული შტატებისგან „აბსურდული“ უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე,- ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ნატოში, ალენა ჰეტმანჩუკმა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერად - 2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც დონბასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმება იქნა მიღწეული - უკრაინელები მომავალი რუსული შეჭრისაგან დაცვას ნებისმიერი უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების „განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევენ.
„გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები უკიდურესად ფრთხილები გახდნენ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ნებისმიერი განხილვის მიმართ. ისინი არ აპირებენ კიდევ ერთი აბსურდული წინადადების მიღებას, რაც არ უნდა კარგად იყოს ის შეფუთული „უსაფრთხოების გარანტიების“ საფარქვეშ“, - აღნიშნა ჰეტმანჩუკმა.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ევროპული გეგმები ხორციელდება სწრაფი რეაგირების ძალების შესაქმნელად, რომლებსაც შეეძლებათ ძალის გამოყენება, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს გულისხმობს უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განლაგებული ევროპული დანაყოფებისა და აღჭურვილობის, ასევე, კიევის შეიარაღებული ძალების ჩართვას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერდა, როდესაც გასულ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპს შეხვდებოდა. თუმცა, ახლა დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა კურსი შეიცვალეს.
„ვაშინგტონის ახალი მოთხოვნები ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კიევი უნდა დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დონბასის აღმოსავლეთ რეგიონების გადაცემას უსაფრთხოების ნებისმიერ შეთანხმებასთან ერთად“, - წერს The Telegraph.
ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის უარი უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაზე შეიძლება ვაშინგტონმა ან მოსკოვმა გამოიყენონ უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტად.
ამავდროულად, არცერთი მხარე ჯერ არ არის მზად ტერიტორიული დათმობების საკითხთან დაკავშირებით ჩიხიდან გამოსასვლელად, რაც, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ერთადერთი დარჩენილი საკითხია.