Loading data...
The Telegraph: ტრამპმა პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები გადასცა

ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიაროს, რათა კრემლმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი, - წერს The Telegraph.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და მრჩეველს, ჯარედ კუშნერს მოსკოვში სწორედ ამ შეთავაზების გასაკეთებლად აგზავნის ვლადიმერ პუტინთან.

„სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამერიკელებს ევროპის პოზიცია არ აინტერესებთ. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა საჯარო განცხადებაში, ასევე, ახსენა, რომ ვაშინგტონის მიერ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის ტერიტორიად იურიდიულად აღიარება სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა.

გამოცემა, ასევე, იხსენებს, რომ 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ საწყისი ვერსია, რომელიც ვიტკოფმა რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეიმუშავა, შეიცავდა პუნქტს ამერიკის მიერ ყირიმსა და დონბასის ორ რეგიონზე რუსეთის სუვერენიტეტის „დე ფაქტო“ აღიარების შესახებ.

და მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში უკრაინელ და ამერიკელ ჩინოვნიკებს შორის მოლაპარაკებებმა ამ დოკუმენტის კორექტირება მოახერხა, რამაც ის მოსკოვისთვის ნაკლებად ხელსაყრელი გახადა, The Telegraph-ის მრავალი წყარო ვარაუდობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების რუსულად აღიარება თეთრი სახლის სტრატეგიის ნაწილად რჩება.

The Telegraph-ი, ასევე, წერს, რომ ამერიკის გეგმის მიუხედავად, უკრაინა არ იქნება ვალდებული, აღიაროს რუსეთის კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წლიდან დაიწყო.