Loading data...
The Telegraph: ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს

ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს. აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში წარმომადგენლებს აგზავნის სამშვიდობო გეგმით, რომელიც ომში რუსეთის მიღწევებს აღიარებს - ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ომის დასასრულებლად შეთანხმება შედგეს.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მოსკოვში თავისი სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი გააგზავნა, რათა ვლადიმერ პუტინისთვის პირდაპირი შეთავაზება გააკეთონ.

გამოცემა წერს, რომ ტერიტორიის აღიარების გეგმა, რომელიც არღვევს აშშ-ის დიპლომატიურ კონვენციას სავარაუდოდ, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად მაინც განხორციელდება.

„ტელეგრაფი“ ერთ-ერთი სანდო წყაროს განცხადებას ციტირებს, რომ „სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ამერიკელებს არ აინტერესებთ ევროპის პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ“. რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის ტერიტორიად აღიარება აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. კრემლის განცხადებით, თავდაპირველი სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი მიიღეს, რომელიც ჟენევაში უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავდა და ახალ, 19-პუნქტიან გეგმას გულისხმობს, რომელიც ნაკლებად ხელსაყრელია მოსკოვისთვის. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში პუტინი დაპირებას იძლევა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ათწლეულის განმავლობაში რუსეთის სისტემაში სრულად ინტეგრირდება.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროპაში ძლიერდება შიში, რომ ვაშინგტონი კიევს ომის დასრულების არაოპტიმალურ შეთანხმებას აიძულებს.