Loading data...
The Telegraph: სტარმერი დავოსს უკრაინის საკითხთან დაკავშირებული „მნიშვნელოვანი მომენტის“ გამო ეწვევა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებას არ გეგმავდა, თუმცა, თუ უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი „მომენტი“ დადგება, შესაძლოა, გადახედოს თავის გეგმებს და მოლაპარაკებებს შეუერთდეს, - ამის შესახებ The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს სამიტის გამოყენებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.

„დიპლომატიურმა წყაროებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ასევე, შესაძლებელია დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც დიდი ხანია პრიორიტეტულია სტარმერისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

„ფაინენშალ ტაიმსმა“ ადრე დაწერა, რომ ეს დისკუსიები, შესაძლოა, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს შორის შეხვედრის სახით წარიმართოს.

„წყაროებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა სტარმერი სამიტს, ჯერ არ არის მიღებული“, - აღნიშნავს The Telegraph.

ევროპელი მოკავშირეები და უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, დაუჭერს თუ არა ტრამპი მხარს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებზეც მისი ადმინისტრაციის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.

ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნების მიერ განხილული არცერთი გეგმა ჯერ არ წარუდგენიათ რუსეთისთვის, რომელმაც, შესაძლოა, სრულად უარყოს ცეცხლის შეწყვეტის იდეა და დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები.

ბოლო წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, როგორც წესი, დავოსის სამიტს არ ესწრებოდნენ, თუმცა ზოგჯერ მას სხვა საკითხების განსახილველ პლატფორმად იყენებდნენ - როგორც ეს ტერეზა მეიმ გააკეთა 2018 წელს ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს.