The New York Times - ირანი აშშ-სთან შეთანხმების გასაფორმებლად მზად არ არის და ომის გაგრძელებისთვის ემზადება
ირანი არ არის მზად, რომ შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს და მომდევნო თვეებში ომის გასაგრძელებლად ემზადება. ამის შესახებ გაზეთი The New York Times აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ თეირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე შეტევების განხორციელების შესაძლებლობაში ახლა უფრო დარწმუნებულია.
„მრავალი მიმართულებით ეს შეფასება ასახავს სიტუაციას, რომელსაც ჩვენ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ თვალყურს ვადევნებთ. ბოლო კვირებში ირანმა შეტევები განახორციელა გემებზე ჰორმუზის სრუტეში, ასევე თავს დაესხა ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ამ რეგიონში. აშშ-მა კი ირანის ტერიტორია დაბომბა, რასაც ირანელი სამხედროების და სამოქალაქო პირების დაღუპვა მოჰყვა“, - წერს The New York Times.
აშშ-ის დაზვერვაში არსებული წყაროების ცნობით, ირანის მთავრობა ხისტ კურსს ატარებს და ესკალაციის შესაძლებლობასაც განიხილავს. ახლა, ომის პირველ თვეებთან შედარებით, ირანი ბევრად უფრო კარგად აცნობიერებს თავის სამხედრო ძალას და უფრო დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში.
ყოფილ და მოქმედ ამერიკელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების მიღწევა, რომელიც აშშ/ისრაელის და ირანის ომს დაასრულებს, ძალზე რთული იქნება. „პრაქტიკულად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ირანი აშშ-სთან რამე შეთანხმების გასაფორმებლად მზად იყოს. სამაგიეროდ თეირანი კმაყოფილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკური პრობლემები გაუმწვავდა“, - წერა ამერიკული გამოცემა.
ასევე The New York Times წერს, რომ ეკონომიკური სანქციები, რომლის იმედი აქვს დონალდ ტრამპს, მოკლევადიან პერსპექტივაში ასევე მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს.