Loading data...
The Jerusalem Post: ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს

ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს, - ამის შესახებ The Jerusalem Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საკითხთან დაკავშირებული ორი წყაროს ცნობით, ღაზას სექტორში თურქეთის ჩართულობის შესამცირებლად, ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის მიერ შექმნილი მშვიდობის საბჭოდან (BoP) გარიცხოს.

როგორც The Jerusalem Post იუწყება, ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე. ასევე, არ სურთ თურქეთის რეკონსტრუქციაში ჩართულობა, რადგან ეშინიათ, რომ ანკარა მოიპოვებს გავლენას ღაზის სექტორში.

ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, ასევე, იმუშავეს იმაზე, რომ მაქსიმალურად შეეზღუდათ თურქეთის მონაწილეობა ღაზას სექტორის რეკონსტრუქციაში.

„ისრაელში არსებობს შიში, რომ თურქეთის ჩართულობა ჰუმანიტარულ საქმეებსა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში ანკარას მნიშვნელოვან საფუძველს მისცემს სექტორის კონტროლისთვის“, - განუცხადა The Jerusalem Post-ს წყარომ.

როგორც მედია წერს, მომავალ თვეში, სავარაუდოდ, ტრამპი გამოაცხადებს მშვიდობის საბჭოს შემადგენლობას, ასევე, პალესტინელებისგან შემდგარი ტექნოკრატიული მთავრობის შემადგენლობას, რომელსაც ისრაელი დაამტკიცებს წარდგენილი სიის შემოწმების პროცესის შემდეგ.

ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამდებობის პირი მიიჩნევს, რომ ერდოღანი სამშვიდობო საბჭოს წევრი უნდა იყოს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ თურქეთი - ეგვიპტესა და კატართან ერთად - „ჰამასთან“ ხელმოწერილი შეთანხმების გარანტორია.

The Jerusalem Post–ის წყაროს თქმით, ეს საკითხი ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკვე დააყენა.

„საკითხი დაისვა ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელელი მაღალჩინოსნებისა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ფოკუსირებული იყო ტრამპის გეგმის გაგრძელებაზე“, - წერს The Jerusalem Post-ი.