The Independent: მარკო რუბიომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს. ამის შესახებ The Independent-მა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გავლენიანი წყაროებისგან შეიტყო.
შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ შიდა წყაროები ვარაუდობენ, რომ რუბიომ შესაძლოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, განსაკუთრებით კი ირანში ომისგან, დისტანცირება სცადოს, რათა გაიმყაროს საკუთარი, როგორც რესპუბლიკური პარტიის პოტენციური კანდიდატის, პოზიცია.
The Independent-ის ცნობით, მარკო რუბიო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მოსალოდნელია, რომ იგი გადადგება, რათა აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კამპანია დაიწყოს. ამ ეტაპზე მისი მთავარი კონკურენტი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსია.
რუბიო ტრამპის ამჟამინდელი კაბინეტის ხუთი წევრიდან ერთ-ერთია, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, შუალედურ არჩევნებზე დამამცირებელი მარცხის შემდეგ თანამდებობების დატოვებას გეგმავენ.
ვაშინგტონის ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ The Independent-ს განუცხადა, რომ რუბიო „ირანის ომისგან უნდა დისტანცირდეს და მასზე პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისროს“.
„სრულიად ლოგიკურია, რომ მან თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციიდან წავიდეს. რუბიო ამჟამად [რესპუბლიკური] პარტიიდან კანდიდატად დასახელების მთავარი პრეტენდენტია. ის ნამდვილად უსწრებს ვენსს. თუმცა იგი ვერ იყრის კენჭს, სანამ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს, ხოლო ადმინისტრაციასთან კავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მის პერსპექტივებს მხოლოდ ავნებს“, - განაცხადა რუბიოს თანამებრძოლმა.
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხის მიზეზად ირანთან ომი დაასახელა და მისგან დისტანცირება სცადა. ვარაუდობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, ამ პოლიტიკასა და შუალედურ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს დააკისროს. ამასთან, რუბიო და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზი უაილსი, ასევე, შესაძლოა, „განტევების ვაცებად“ იქცნენ.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და რესპუბლიკელთა რიგებში აღინიშნა, რომ მარკო რუბიო ირანთან დაკავშირებით „ნაკლებად თვალსაჩინო როლს“ ასრულებს - მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში წამყვან ფიგურას წარმოადგენს.
„ველოდებით, რას მოიმოქმედებს ის შუალედური არჩევნების შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თანამდებობაზე დარჩეს. იგი პრეზიდენტობის ძლიერი კანდიდატი იქნებოდა და ველით, რომ კენჭს იყრის“, - განუცხადა The Independent-ს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გავლენიანმა წყარომ.