The Guardian: უსაფრთხოების საკითხებში სტარმერის მრჩეველი, რომელიც აშშ-ირანის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს დაესწრო, დარწმუნებული იყო, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელმა, რომელიც აშშ-ირანის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს ესწრებოდა, აღნიშნა, რომ თეირანის შეთავაზება მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკმარისად მნიშვნელოვანი იყო ამერიკული ოპერაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირ სტარმერის მრჩეველმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ირანის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომელიც ჟენევაში 26 თებერვალს გაიმართა - აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე.
წყაროების ცნობით, პაუელი და ბრიტანული გუნდის დანარჩენი წევრები გაკვირვებულები დარჩნენ ირანელი მომლაპარაკებლების მიერ წარდგენილი შეთავაზებით. ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ თეირანის შეთავაზება მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკმარისად მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ აშშ-ს არ გამოეყენებინა სამხედრო ძალა და გაეგრძელებინა დიპლომატიური ძალისხმევა.
„ბრიტანული გუნდი გაკვირვებული იყო ირანელების შეთავაზებით. ეს სრული შეთანხმება არ იყო, მაგრამ პროგრესი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ირანელების საბოლოო შეთავაზება ყოფილიყო. ბრიტანული გუნდი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჟენევაში მიღწეულ პროგრესს დაეფუძნებოდა“, - განაცხადა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
პაუელის ჟენევის კონსულტაციებზე დასწრება ნაწილობრივ ხსნის ირანზე აშშ-ის დარტყმების მხარდაჭერის მიმართ დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავშეკავებას, რამაც ლონდონსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო დაძაბულობა გამოიწვია.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვერ დაინახა დამაჯერებელი მტკიცებულება ევროპაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის გარდაუვალი საფრთხის შესახებ, ან იმისა, რომ თეირანი შემდგომში ბირთვული იარაღის მოპოვებას აპირებდა. ეს ინფორმაცია ცხადყოფს, თუ რამდენად აქტიურად იყო ჩართული დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებში და შესაბამისად, ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ დიპლომატიური გზა ჯერ არ იყო ამოწურული.