The Guardian: სტარმერი ტრამპთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე შეერთებულ შტატებში ახალი ელჩის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია რთულ პოლიტიკურ სიტუაციასთან, კერძოდ, უკრაინის კონფლიქტისადმი განსხვავებულ მიდგომებთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპელი ლიდერების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებთან.
გამოცემის ცნობით, სტარმერი ამ კვირაში უკვე გაესაუბრა თანამდებობის რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის კარიერულ დიპლომატებს და მრჩევლებს, რომლებსაც ამერიკულ ადმინისტრაციასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და ამჟამად მათ კომპეტენციებსა და პოლიტიკურ შესაბამისობას ამოწმებს.
გამოცემის ცნობით, კანდიდატებს შორის საუბარია სტარმერის ბიზნესმრჩეველ ვარუნ ჩანდრაზე, კარიერულ დიპლომატ კრისტიან ტერნერზე და ნაიჯელ კეისიზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის სახელით მოქმედებს რუსეთში.
ვარუნ ჩანდრა, რომელმაც აშშ-სთან ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევა. თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარიერული დიპლომატის კანდიდატურას უჭერს მხარს, რადგან ამჟამინდელ ვითარებაში ამას ნაკლებად სარისკო პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს. ტერნერს და კეისის მგრძნობიარე საერთაშორისო სფეროებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ და თეთრ სახლში მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ.
გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, თუმცა პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა სხვა კანდიდატის პირდაპირ დანიშვნის შესაძლებლობა, თუ სამი კანდიდატიდან არცერთით იქნება კმაყოფილი.