The Guardian: Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტმა რუსეთს უკრაინაში „შესაძლებლობების ფანჯარა“ გაუხსნა
გამოცემა The Guardian-ის ცნობით, მსოფლიოში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების დეფიციტი რუსეთს საშუალებას აძლევს, უკრაინაზე საჰაერო იერიშები გააძლიეროს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე Patriot-ის რაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ ვითარებამ შექმნა „შესაძლებლობების ფანჯარა“ რუსეთისთვის, რათა უფრო ინტენსიური სარაკეტო და დრონით შეტევები განახორციელოს. ექსპერტები, ასევე, აცხადებენ, რომ რაკეტების დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვაზე, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მზადყოფნაზეც.
MIM-104 Patriot-ი, რომელსაც Raytheon-ი და Lockheed Martin-ი აწარმოებენ, აშშ-ის არმიის ძირითადი „მიწა-ჰაერი“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად. მასზე დიდწილად არიან დამოკიდებულნი ამერიკის მოკავშირეებიც, მათ შორის, სპარსეთის ყურის ქვეყნები და, არანაკლებ, უკრაინა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აშკარა გავლენა უკრაინასა და სპარსეთის ყურის რეგიონზე აისახება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან ნაწილობრივი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე დაძაბულობა მაინც გაჭიანურდება, ამ დეფიციტს ბევრად უფრო შორსმიმავალი შედეგები აქვს.
განსაკუთრებით Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტი, ასევე, იმოქმედებს ნატოს მზადყოფნის დაგეგმარებაზეც, ევროპისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის შეფასებების ფონზე. ამ სისტემას ნატოს წევრებიდან, სხვებთან ერთად, გერმანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი და შვედეთი იყენებენ.
ზოგიერთი შეფასებით, ირანში კონფლიქტმა Patriot-ის რაკეტების მარაგების თითქმის მესამედი გამოფიტა, ხოლო ყურის ქვეყნებმა, ერთ-ერთი შეფასების მიხედვით, ერთობლივად 1 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ირანული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე კვლავ რეალურია. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ორი ასეთი რაკეტა ქუვეითის მიმართულებითაც გაისროლეს.