The Guardian: ბრიტანეთი მზადაა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები დააკავოს
დიდი ბრიტანეთი, ნატოს მოკავშირეებთან ერთად, განიხილავს რუსეთთან დაკავშირებული ტანკერების ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ჩამორთმევის შესაძლებლობას. ეს შეიძლება იყოს მოსკოვზე ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის ახალი ეტაპი. წერს „The Guardian“.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროების ცნობით, გემების ჩამორთმევის სამხედრო ვარიანტები მოკავშირეებთან კონსულტაციების დროს განიხილებოდა. გასულ თვეში სამეფო საზღვაო ქვეითებმა პარლამენტარებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, კერძოდ, არქტიკასა და ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ საზღვაო ქვეითები მზად არიან შეასრულონ გემის ჩამორთმევის ბრძანება, თუ მას მიიღებენ.
იანვარში, Lloyd's List Intelligence-მა განაცხადა, რომ ლა-მანშის ან ბალტიის ზღვაში 23 ჩრდილოვანი ფლოტის გემი შენიშნეს, რომლებიც ყალბ ან შეცვლილ დროშებს იყენებდნენ. მათი უმეტესობა რუსული ნავთობის ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში ტრანსპორტირებას ახორციელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საზღვაო კანონმდებლობის თანახმად, იურისდიქციის არმქონე გემები თეორიულად შეიძლება დაექვემდებარონ ჩამორთმევას, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ჯერჯერობით თავს იკავებენ ასეთი ქმედებებისგან ესკალაციის რისკის გამო.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის ან ევროპული ძალების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან მკაცრი რეაგირება გამოიწვიოს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ ადრე განაცხადა, რომ მოკავშირეები განიხილავენ „სამხედრო ვარიანტებს“ და რომ კონფისკაციის შედეგად მიღებული ნავთობი, შესაძლოა, გაიყიდოს და უკრაინის მხარდასაჭერად იქნეს გამოყენებული.