The Economist: უკრაინაში ომი თუ დასრულდება, ბრძოლა ევროპაში დაიწყება
„უკრაინაში ომი თუ დასრულდება, ბრძოლა ევროპაში დაიწყება“ - ამ სათაურით სტატიას „ეკონომისტი“ აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებმა, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ევროპელებში, რომლებიც გაბრაზებულნი არიან იმით, რომ კიდევ ერთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღმა დარჩნენ.
„უკრაინამ შესაძლოა, კარგი ქნა, რომ თავი აარიდა იმ საეჭვო გარიგებას, რომელიც თავდაპირველად კრემლსა და თეთრ სახლს შორის მომზადდა. მაინც, ერთ დღეს, და იმედია, მალე, მოიძებნება შეთანხმება ომის დასასრულებლად, რომელსაც როგორც უკრაინა, ისე რუსეთი მიიღებს. ეს იქნება შვების მომენტი, მაგრამ ამავდროულად, უკრაინის ევროპელი მეზობლებისთვის, რამდენიმე უხერხული შედეგი ექნება. ომმა გააცოცხლა კონტინენტი. ომი როცა დასრულდება, უნდა ელოდოთ ერთიანობის დაკარგვას“, - წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, ომის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთზე უფრო მკაცრ წნეხს მოითხოვენ, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოები სამხედრო ხარჯების შემცირებასა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას შეეცდებიან.
მედია, ასევე, წერს, რომ ომის პერიოდში უკრაინის მიმართ არსებული დადებითი დამოკიდებულება შესაძლოა, შეიცვალოს.
გამოცემის ცნობით, ომი როცა დასრულდება, კითხვები გაჩნდება უკრაინელ ლტოლვილებზეც, იმის შესახებ, დაბრუნდებიან თუ არა ისინი თავიანთ ქვეყანაში, რომელიც 2022 წელს ომის დაწყების გამო დატოვეს. შემდეგი უთანხმოების საკითხი კი იქნება უკრაინის რეკონსტრუქცია.
როგორც სტატიაში წერია, კითხვა ჩნდება, თუ ვინ დააფინანსებს ქვეყნის რეკონსტრუქციას, რაზეც გამოცემის ცნობით, პასუხი არის ის, რომ ევროპის გეგმა არის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენება.
„პრობლემა იქმნება ამ კუთხითაც, რადგან ამერიკის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ამერიკამ ამ გაყინული რუსული აქტივებიდან, რომელიც უკრაინაში ინვესტიციებს უნდა მოხმარდეს 50%-იანი სარგებელი უნდა მიიღოს“, - ნათქვამია სტატიაში.
შემდეგი მწვავე საკითხი, რომელიც სტატიაშია განხილული, არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც გამოცემის ცნობით, ქვეყანაში მომხდარ კორუფციულ სკანდალთანაც იქნება კავშირში.
Economist-ის ცნობით, ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, აღარ დადგეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რადგან „მშვიდობის დროს ამის აუცილებლობა აღარ იქნება“.