Loading data...
თეთრი სახლის პრესსპიკერი: ირანში დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას

თეთრი სახლის პრესსპიკერის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ირანში დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა. 

როგორც ბრიფინგზე ლევიტმა აღნიშნა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. 

„სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის რას იზამს. პრეზიდენტმა დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შესრულდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან ამ სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. 

ინფორმაციისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ეკონომიკური კრიზისი.

8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს.

არაოფიციალური მონაცემებით, რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CBS News-მა გაავრცელა, ირანში დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება 12 ათასს გადასცდეს და 20 ათასსაც კი მიაღწიოს. 

შეერთებულმა შტატებმა ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირები დაასანქცირა.