Loading data...
თეთრი სახლი ზელენსკის მოუწოდებს, „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ შესახებ მედიაში კომენტარი არ გააკეთოს

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დონალდ ტრამპის ბოლო კრიტიკული განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „მოთმინება ეწურება“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

ლევიტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის „რუსულად“ აღიარებას.

„[ტრამპი] მხარეებს სთხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას, იმის აღიარებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და იმისათვის, რომ კარგი გარიგება შედგეს, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა დარჩეს“, - განაცხადა პრესმდივანმა.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი მედიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე კამათს ცდილობს და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს“, - დასძინა მან.

ლევიტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ამ ომის დასასრულებლად დიდი დრო და რესურსი დახარჯა, ახლა კი ტრამპი „იმედგაცრუებულია და მოთმინება ეწურება“.

„მას სურს, მკვლელობები შეწყდეს. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ომის ორივე მხარე ამის გასაკეთებლად მზად იყოს. და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, - დაასკვნა სპიკერმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო დარეგულირების „საბოლოო წინადადებად“ იყო წარდგენილი. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა, აღიაროს რუსეთის კონტროლი ოკუპირებულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ ცნობს.

ტრამპმა უკრაინელი კოლეგის განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინამ „ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა“ და რომ ზელენსკის სიტყვები „საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.