Loading data...
თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები დონბასიდან გასვლის სანაცვლოდ შესთავაზა

თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანაზე თანხმობის სანაცვლოდ მისცეს. ამის შესახებ მან Financial Times-თან კომენტარში განაცხადა. 

ოფიციალური პირის თქმით, ცნობები „ტყუილია“ და მიმართულია სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის დასაზიანებლად. 

„ეს სრულიად არასწორია - შეერთებული შტატების ერთადერთი როლი სამშვიდობო პროცესში არის შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის გაერთიანება. სამწუხაროა, რომ Financial Times-ი საშუალებას აძლევს თავდამსხმელებს, ანონიმურად მოიტყუონ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მიზნით, რომელიც ახლა შესანიშნავ მდგომარეობაშია ამ შაბათ-კვირას აბუ-დაბიში ისტორიული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ“, - აღნიშნა კელიმ.

აშშ-ს პოზიციის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი „არ ცდილობს, უკრაინას რაიმე ტერიტორიული დათმობა აიძულოს“. ამასთან, შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებულია ორივე მხარის მზადყოფნაზე სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მისი შინაარსი კი მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.