Loading data...
თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთით და უკრაინით ძალზე გაღიზიანებულია

„აშშ-ის პრეზიდენტს მობეზრდა შეხვედრები შეხვედრისთვის და კონკრეტული მოქმედება სურს, რასაც ომის დასრულება მოჰყვება“. ამის შესახებ ტრამპის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მას მობეზრდა შეხვედრები შეხვედრების გულისთვის. აღარ სურს მხოლოდ საუბარი, სურს კონკრეტული მოქმედებები ამ ომის დასასრულებლად. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსებთან, უკრაინელებთან და ევროპელებთან შეხვედრებზე 30 საათი დახარჯა“, - განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ომში მყოფ ორივე მხარესთან მუშაობას გააგრძელებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა პასუხი არ გასცა შეკითხვას, მიიღებს თუ არა აშშ მონაწილეობას პარიზში დაგეგმილ შეხვედრაში გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მონაწილეობით.

„თუ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების რეალური შანსი გაჩნდება, და ჩვენ ამას ვიგრძნობთ, მაშინ პარიზში აშშ-ის წარმომადგენელს გავაგზავნით, რათა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს“,  - განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა.

როგორც 11 დეკემბერს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-თან მოლაპარაკებაზე ორი საკამათო პუნქტი რჩება.

პირველია დონეცკის ოლქის ტერიტორია და მასთან დაკავშირებული საკითხები და მეორე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი, რომელიც ამჟამად რუსული ძალების ხელშია.