თეთრი სახლი: საიდუმლო წინადადება, რომელიც აშშ-მა ირანისგან მიიღო, „მოლაპარაკებისთვის მისაღები საფუძველია“
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ მას არ შეეძლო აშშ-ისრაელის მხრიდან დაბომბვები აეტანა.
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ ირანელებისგან მივიღეთ წინადადება, რომელიც მოლაპარაკებებისთვის მისაღებ საფუძვლად განისაზღვრა“, - განაცხადა ლევიტმა პრესკონფერენციაზე.
ის ასევე გამოეხმაურა ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ 10-პუნქტიან წინადადებას, რომელიც ირანმა აშშ-სთან გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად შეიმუშავა. ლევიტის თქმით, ირანის სახელმწიფო მედიის წინადადება განსხვავდება იმ წინადადებისგან, რომელიც თეირანმა გუშინ აშშ-ს გაუგზავნა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ირანმა დღეს, 8 აპრილს, აშშ-ს 10-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რომელიც „ფუნდამენტურად არასერიოზული“ იყო და „პრეზიდენტმა ტრამპმა, ფაქტობრივად, ნაგავში მოისროლა“.
მან არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ეს ირანული მედიის მიერ გავრცელებული წინადადება, თუმცა გაიმეორა, რომ აშშ ირანის შემდგომ შეთავაზებას უფრო სერიოზულად აღიქვამს.
„პრეზიდენტის წითელი ხაზები, კერძოდ, ირანში გამდიდრების დასრულება, არ შეცვლილა. ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული 10-პუნქტიანი წინადადება მოიცავდა თეირანის გამდიდრების უფლების აღიარებას“, - განაცხადა ლევიტმა.
„პრეზიდენტი მხოლოდ ისეთ შეთანხმებას დადებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურება და მისი მოლაპარაკების გუნდი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამ ძალისხმევაზე გაამახვილებს ყურადღებას, სანამ ჰორმუზის სრუტე ყოველგვარი შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე ღია დარჩება“, - აღნიშნა მან.