Loading data...
თეთრი სახლი: ირანის ცივილიზაციის განადგურების შესახებ ტრამპის მუქარამ „შედეგი“ გამოიღო

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარამ ირანის „ცივილიზაციის განადგურების“ შესახებ შედეგი გამოიღო და სწორედ ამან მიიყვანა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან.

„მესმის პრეზიდენტის რიტორიკასთან დაკავშირებული კითხვები, მაგრამ პრეზიდენტს ყველაზე მეტად შედეგები ადარდებს და სინამდვილეში, მისმა ძალიან მკაცრმა რიტორიკამ და მოლაპარაკების მკაცრმა სტილმა მოიტანა ის შედეგი, რომლის მომსწრენიც დღეს ხართ“, - განაცხადა ლევიტმა პრესკონფერენციაზე.

შემდეგ მას ჰკითხეს, სერიოზულად უნდა აღიქვას თუ არა მსოფლიომ ტრამპი, იმის გათვალისწინებით, რომ მან ოთხჯერ გადადო ვადები, რომლებიც მანამდე საბოლოოდ მიიჩნეოდა.

„მსოფლიომ მისი სიტყვა ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს... უკან დაიხიეს ირანელებმა და არა პრეზიდენტმა ტრამპმა“, - უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა. 

„მან თქვა, რომ ისინი ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თუ ისინი არ დათანხმდებოდნენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და რა გააკეთეს გუშინ ღამით? ისინი დათანხმდნენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას“, - დასძინა ლევიტმა.