თეთრი სახლი გაეროს და ნატოს დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის განახევრების, დიპლომატების და საელჩოების რაოდენობის შემცირების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს და ნატოს დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
კერძოდ, 2026 წლის საფინანსო წელს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსება 30 მლრდ დოლარით, ანუ 50%-ით შემცირდება.
თეთრი სახლი 10 საელჩოსა და 17 საკონსულოს დახურვას გეგმავს. ეს ძირითადად, აფრიკასა და ევროპას შეეხება. ასევე შემცირდება USAID-ის წარმომადგენლობების რაოდენობა, რომლის ფუნქციები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.
ამასთანავე, სააგენტო იუწყება, რომ ბიუჯეტის პროექტი ჯერ თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა, შემდეგ კი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს და არც ერთი ეს სტრუქტურა დაფინანსების შემცირებას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.
ის, რომ თეთრი სახლი გაროს და ნატოს დაფინანსების შეჩერების ინიციატივით გამოდის, გაზეთი The New York Times-იც იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება საზღვარგარეთ ყველა სამშვიდობო ოპერაციის, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეჩერებაც.