თეთრი სახლი: ეროვნული უშიშროების საბჭოს 100-ზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გავიდა

თეთრი სახლი იუწყება, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს 100-ზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გავიდა. ამ თემაზე CNN საუბრობს.
„ეს ნაბიჯი ეროვნული უშიშროების საბჭოს დროებითი მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით მოხდა და იმ რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომელსაც მომავალში აპირებს“, - ამტკიცებს 2 ამერიკელი თანამდებობის პირი და ამ საკითხისადმი კარგად ინფორმირებული, კიდევ ერთი, წყარო.
როგორც მედიასაშუალება გვამცნობს, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის კოორდინაციის პასუხისმგებელი ორგანოს მნიშვნელოვანი რეფორმაა მოსალოდნელი. მათ შორის, პერსონალის შემცირება და გადაწყვეტილებების მიმღები პირების უმაღლეს დონეზე კონტროლი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი ბრაიან მაკკორმაკი აღნიშნავს, რომ შეტყობინება გათავისუფლების შესახებ, ელექტრონული ფოსტით მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ საკუთარი სამუშაო მაგიდის ასალაგებლად 30 წუთი ეძლეოდა.
როგორც აღმოჩნდა, პროცესების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, მარკო რუბიომ დირექტორებთან შეხვედრა გამართა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ უწყებაში რეორგანიზაცია იწყებოდა.
„შვებულებაში იძულებით გაშვებულთა“ შორის აღმოჩნდნენ მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ასევე, პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციიდან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებით დაკომპლექტებული ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის კოორდინაციის კრიტიკულ ორგანოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი მნიშვნელოვნად შემცირდა და მოსალოდნელია, რომ რეფორმა მის როლს თეთრ სახლში, კიდევ უფრო მეტად შეამცირებს.