Loading data...
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ესპანეთი ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-სთან თანამშრომლობას დათანხმდა, რასაც მადრიდი უარყოფს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გაწყვეტით დაიმუქრა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთმა შეიცვალა გადაწყვეტილება და სამხედრო თანამშრომლობაზე დათანხმდა.

„ვფიქრობ, მათ პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელი გზავნილი ნათლად გაიგეს. ისინი დათანხმდნენ ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობას. ამერიკელი სამხედროები თავიანთ ქმედებებს ესპანეთში მყოფ კოლეგებთან კოორდინაციას უწევენ“, - განაცხადა პრესმდივანმა.

თუმცა ესპანეთის მთავრობამ უარყო თეთრი სახლის ეს განცხადება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა უარყო, რომ ესპანეთი თანამშრომლობას დათანხმდა და განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, საიდან მიიღო ლევიტმა ეს ინფორმაცია.

„კატეგორიულად უარვყოფ ამას. ესპანეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში ომთან, ირანზე თავდასხმასთან, ჩვენი ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა... ის შეიძლება თეთრი სახლის პრესმდივანი იყოს, მაგრამ მე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ!“, - განაცხადა ალბარესმა.

მისივე თქმით, მადრიდი ვალდებულია, თავი შეიკავოს „საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებული სამხედრო ოპერაციისგან“ და აღნიშნა, რომ ესპანეთის მთავრობამ ევროპელი პარტნიორებისგან მხარდამჭერი შეტყობინებები მიიღო.