Loading data...
თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინას 2025 წელს კონტრშეტევის განხორციელებაში დაეხმარება - Financial Times

უკრაინა ახალი კონტრშეტევის დაწყებას 2025 წლისთვის შეეცდება, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისგან 60 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება მიიღო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა Financial Times-ს განუცხადა, იუწყება უკრაინული მედია

სალივანის თქმით, ის უახლოეს პერიოდში ბრძოლის ველზე რუსეთის მიღწევებს კვლავ ელის. თუმცა, მისივე განცხადებით, ვაშინგტონის ახალი დახმარებით, კიევი შეძლებს „დაიცვას ხაზი“ და „უზრუნველყოს, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმას 2024 წლამდე გაუძლებს“.

ომის სამომავლო სცენარზე საუბრისას კი  სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს „წინ წავიდეს იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც რუსებმა წაართვეს“.

გამოცემა წერს, რომ 2025 წელს უკრაინის მხრიდან შეტევების განხორციელება აშშ-ის კონგრესისა და თეთრი სახლის გაზრდილ და დამტკიცებულ დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, სალივანმა აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული ტერიტორიები აღმოსავლეთში, კერძოდ, ავდეევკაში დაკარგეს, რაც უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების დაგვიანებამ გამოიწვია.