თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირება დაიწყეს

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა სავაჭრო მოლაპარაკებები გამართეს და ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკვე ამცირებენ რუსული ნავთობის იმპორტს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელსა და ინდოელ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-მა და ინდოეთმა ვაშინგტონში „პროდუქტიული“ სავაჭრო მოლაპარაკებები გამართეს და ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის იმპორტს უკვე 50%-ით ამცირებენ.
ინდოელმა წყაროებმა კი განაცხადეს, რომ შემცირება ჯერ თვალსაჩინო არ არის, თუმცა ეს შეიძლება დეკემბრის, ან იანვრის იმპორტის მაჩვენებლებში აისახოს.
მათი თქმით, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა უკვე განათავსეს შეკვეთები ნოემბრის ტვირთებისთვის, რაც ასევე მოიცავს დეკემბერში ჩასატან ზოგიერთ ტვირთს.
მათ დასძინეს, რომ ინდოეთის მთავრობამ ჯერ არ აცნობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის იმპორტის შემცირების მოთხოვნის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა მისცა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდის.