1755851184
უცხოეთი
ტერორისტული აქტები კოლუმბიაში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კოლუმბიაში ტერორისტული აქტები განხორციელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ტერორისტულ აქტებს 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კოლუმბიის დასავლეთით მდებარე ქალაქ კალიში, ხალხმრავალ ქუჩაზე დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.
ასევე, პოლიციის ვერტმფრენზე განხორციელებულ დრონის თავდასხმას, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ მედელინის მახლობლად მოხდა, სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
„ეს დანაშაულები კანონის სრული სიმკაცრით იქნება გამოძიებული და დასჯილი“, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.