Loading data...
თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი მძევლების გათავისუფლების მოთოვნით შეიკრიბა - BBC

თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ისინი ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. ზოგიერთი მათგანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში კონფლიქტის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. 

მედიის ცნობით, აქცია ისრაელში იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კაიროში დაჯგუფება „ჰამასის“ დელეგაცია შუამავლებს ხვდებოდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში პროგრესი ჯერ არ შეინიშნება. 

„ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მრჩეველმა თქვა, რომ უახლეს წინადადებას „სრული სერიოზულობით“ განიხილავენ, თუმცა ნებისმიერი შეთანხმება პირდაპირ უნდა მოიცავდეს ისრაელის გაყვანას ღაზადან და ომის დასრულებას.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული 252 ადამიანიდან 128 ჯერ კიდევ ტყვეობაშია. მათგან მინიმუმ 34 ადამიანი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.