Loading data...
„ტარიფები იხსნება“ - ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს გენმდივანთან გრენლანდიის საკითხზე ჩარჩო შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას აღარ დაუწესებს ახალ ტარიფებს, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკით მათი უკმაყოფილების გამო. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით სამომავლო ჩარჩო შეთანხმება ჩამოყალიბდა.

„ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით სამომავლო შეთანხმების ჩარჩო. ეს გადაწყვეტა, თუ განხორციელდება, შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ყველა ქვეყნისთვის“, - განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, დამატებითი დისკუსიები მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის სისტემასთან, „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, რომელიც გრენლანდიას ეხება. 

„დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მოლაპარაკებების პროგრესისთანავე. მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელნი იქნებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვა პირები, საჭიროების შემთხვევაში - ისინი პირდაპირ მე მომახსენებენ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.