„თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთში პაკისტანის ავიაიერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს პაკისტანის მიერ ავღანეთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სამი სახლი დაზიანდა და ცხრა ადამიანი დაიღუპა. თავის მხრივ, ისლამაბადი აცხადებს, რომ იერიშების სამიზნე „ტერორისტების“ სამალავები იყო და 22 მათგანი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავღანელი „თალიბების“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთის კუნარისა და ჰელმანდის პროვინციებში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ. მისივე თქმით, იერიშების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
„ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას, როგორც აგრესიასა და დანაშაულს, რომელიც არღვევს ყველა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს“, — აღნიშნა მან.
ავღანეთში გაეროს დახმარების მისიამ (UNAMA) განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან უმეტესობა ბავშვი იყო, ხოლო ცხრა ადამიანი დაშავდა.
პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები „სანდო სადაზვერვო მონაცემებს“ ეფუძნებოდა და სამიზნე ორ ადგილას ტერორისტთა სამალავები იყო.
„სამიზნეები მაღალი სიზუსტით განადგურდა, პირველადი მონაცემებით კი ლიკვიდირებულია 22 ტერორისტი. ასევე, განადგურდა ამ სამალავებში შენახული დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა“, — ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.