Loading data...
„თალიბანი“ ავღანეთში ქალების ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს - ახალი კანონი

„თალიბანმა“ ავღანეთში ახალი აკრძალვა მიიღო, რომლის თანახმადაც ქალების ხმის საჯაროდ გაჟღერება იკრძალება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. 

„სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს“ მიერ გამოცემული კანონის თანახმად, ქალის ხმა, რომელიც მღერის ან კითხულობს, საჯარო ადგილებში არ უნდა ისმოდეს, რადგან ის ინტიმურად მიიჩნევა. 

როზა ოტუნბაევამ, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს მისიას ავღანეთში, თქვა, რომ უკვე აუტანელია ის შეზღუდვებია, რომლებსაც ქალებსა და გოგონებს უწესებენ.

„ქალის ხმის გაგონებაც სახლის გარეთ, როგორც ჩანს, მორალურ დარღვევად ითვლება“, - აცხადებს ოტუნბაევა. 

გაეროს მისია სწავლობს ახლად რატიფიცირებულ კანონს და მის გავლენას ავღანელებზე, ასევე მის პოტენციურ გავლენას გაეროზე და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

„როდესაც ზრდასრული ქალი ტოვებს სახლს აუცილებლობის გამო, ის ვალდებულია დამალოს თავისი სხეული, სახე მთლიანად და არ უნდა ისმოდეს ხმა“, - აღნიშნულია ახალ კანონში. 

გარდა ამისა, როგორც „გარდიანი“ წერს, ავღანელ ქალებს ასევე ეკრძალებათ პირდაპირ შეხედონ მამაკაცებს, რომელთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან ნათესავები.

ქალები ან გოგონები, რომლებიც არ შეასრულებენ კანონებს, დაისჯებიან ისე როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს „თალიბანის“ ოფიციალური პირები, რომლებიც კანონის აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი.