„თალიბანი“ აცხადებს, რომ პაკისტანთან პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარება შესაძლებელია
ავღანეთისა და პაკისტანის ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარება დიალოგისა და დიპლომატიის გზით არის შესაძლებელი, — განაცხადა ავღანეთის „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაქიმ.
მისი თქმით, „პოლიტიკური ურთიერთგაგების“ ძიების ნაცვლად, პაკისტანის ძლიერი არმია ავღანეთთან ურთიერთობაში მხოლოდ სამხედრო ენას იყენებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევით აგრესიული ქმედებები განახორციელა.
მუთაქიმ დასძინა, რომ პაკისტანმა სატრანზიტო მარშრუტები, ლტოლვილები და სტუდენტები ზეწოლის იარაღად აქცია, ხოლო სტაბილურობისთვის საფრთხის შესაქმნელად საზღვართან ათასობით შეიარაღებული პირი შეკრიბა.
მისი თქმით, ავღანეთს არ სურს, რომ პაკისტანთან არსებული პრობლემები „ურთიერთბრალდებებისა და პროპაგანდის ველად“ იქცეს და არც „მათი გაჭიანურების ახალ გზებს“ ეძებს.
„მაგრამ ქაბული ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვას თავის კანონიერ და უდავო უფლებად მიიჩნევს“, — დასძინა მუთაქიმ.
ცნობისთვის, ისლამაბადი ქაბულს იმ მებრძოლთა შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც საზღვრისპირა თავდასხმებს ახორციელებენ.
„თალიბანის“ მთავრობა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მეამბოხეობა პაკისტანის შიდა პრობლემაა.