Loading data...
„ტაივანმა სავაჭრო თანამშრომლობისთვის დემოკრატიებს უნდა მიმართოს და არა ჩინეთს“ - ქვეყნის პრეზიდენტი

ტაივანმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის თანამოძმე დემოკრატიებს უნდა მიმართოს და არა ჩინეთს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ლაი ჩინ-თემ მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა განიხილავდა, თუ როგორ გეგმავს კუნძული შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული მინერალები. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

გასულ კვირას ტაივანისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიებისა და დრონების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს დაწყებულ მაღალი დონის ფორუმზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაიბეი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორად“ შეაფასა.

ორმა მხარემ ხელი მოაწერა განცხადებებს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და Pax Silica-ს დეკლარაციის შესახებ - აშშ-ის ხელმძღვანელობით წამოწყებული ინიციატივა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა პეკინის მხრიდან ინტენსიური კონკურენციის ფონზე, რომელიც ვაშინგტონის მთავარი სტრატეგიული მეტოქეა და ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ტაივანის ეკონომიკური კეთილდღეობის პარტნიორობის შესახებ დიალოგზე საუბრისას ლაიმ მოლაპარაკებების შედეგები შეაქო.

„ტაივანი სწორ ეკონომიკურ გზას ადგას და თავდაჯერებულად მიიწევს წინ მსოფლიო ასპარეზზე. ტაივანს აქვს როგორც შესაძლებლობა, ასევე თავდაჯერებულობა, ითანამშრომლოს თავის დემოკრატ პარტნიორებთან, მომავალი თაობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა. 

„გვინდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა აშშ-სთან, იაპონიასთან, ევროპასთან და სხვა მოკავშირე ქვეყნებთან, თუ ისევ ჩინეთთან ჩავიკეტოთ?“ - დასძინა მან.

ჩინეთი ლაისთან საუბარზე უარს ამბობს და მას „სეპარატისტს“ უწოდებს. პეკინი აცხადებს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია საკუთარი მომავლის გადაწყვეტა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლაიმ კიდევ ერთხელ შესთავაზა პეკინს პარიტეტისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საუბრის დაწყება.