ტაილანდში 14 წლის მოზარდმა საკუთარ სახლში და შემდგომ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში 14 წლის მოზარდმა სახლში ჯერ ბებია-ბაბუა მოკლა, შემდგომ კი სკოლაში ცეცხლი გახსნა, რასაც 5 მასწავლებელი ემსხვერპლა, 23 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა - ნონთაბურის პროვინციაში მდებარე დებსირინის სკოლის მოსწავლემ - ბებია-ბაბუა და ხუთი მასწავლებელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ანუტინმა დასძინა, რომ თავდამსხმელს „30-ზე მეტი ტყვია ჰქონდა დარჩენილი“, როდესაც იარაღი საკუთარი თავისკენ მიმართა.
ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთაგან ცხრა ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც მოზარდმა თავდასხმა განახორციელა, მის ბაბუას ეკუთვნოდა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა „კარგად მომზადებული“ იყო, „მკაფიო ნაბიჯებითა და მკაფიო მიზნებით“.
თავდამსხმელის ვინაობა საჯაროდ არ გახმაურებულა და პოლიციამ სროლის მოტივი არ გაამხილა, თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიჭი შესაძლოა, სწავლის გამო სტრესში იყო.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ტაილანდს სამოქალაქო პირების მიერ იარაღის ფლობის მხრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დადგენილია, რომ ამ იარაღის დაახლოებით 40% უკანონოა.
ქვეყანაში იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა პოლიციას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებული იარაღი, რომელიც მსროლელის ბაბუას ეკუთვნოდა, უკანონოდ იყო შეძენილი.
ცნობისთვის, ეს 2026 წელს ტაილანდის სკოლებში სროლის მეორე შემთხვევაა.