ტაილანდისა და მალაიზიის დროშების ქვეშ მცურავი ზოგიერთი გემი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას შეძლებს
პაკისტანის შემდეგ, ირანთან ცალკეული შეთანხმებების მიღწევის შედეგად, ტაილანდმა და მალაიზიამაც მიიღეს ნებართვა, რომ მათი დროშების ქვეშ მცურავმა ზოგიერთმა გემმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთოს. ამის შესახებ ინფორმაციას Rueters ავრცელებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის ანუტინ ჩარნვირაკულის განცხადებით, ქვეყანამ საკუთარი ნავთობტანკერებისთვის უსაფრთხოდ გადაადგილების ნებართვა მიიღო.
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰასანმა კი განაცხადა, რომ სრუტეში ადრე ჩარჩენილ რამდენიმე მალაიზიურ ნავთობტანკერს გადაადგილების უფლება მიეცა, თუმცა, მისივე თქმით, დაძაბული გარემოების გათვალისწინებით, გემებს შესაბამისი სატრანზიტო ვადებისთვის ლოდინი მაინც მოუწევთ.
მანამდე, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იშაქ დარიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს. მისივე თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.