Loading data...
სტუბი: ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლა რუსეთის „სტრატეგიული შეცდომაა“. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია, ოქტომბრის შუა რიცხვებში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი პუტინს ბუდაპეშტში შეხვდებოდა, თუმცა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეხვედრა გაუქმდა. გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.

სტუბმა აღნიშნა, რომ ამ საუბრის დროს რუბიომ, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ „რუსები არც ერთი იოტის დათმობას არ აპირებენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ „აზრი არ ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპის ისეთ სიტუაციაში ჩაყენებას, სადაც ის შეთანხმებას, ან რამე მსგავსს ვერ მიაღწევდა“.

„შეხვედრის გაუქმება რუსების სტრატეგიული შეცდომის კიდევ ერთი მაგალითი იყო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ხელიდან გაუშვეს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ გოლფი მისთვის ტრამპთან დასაკავშირებლად „კარის გამღებად“ იქცა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა ცნობილია თავისი დაძაბულობით, მას და სხვა ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ამ ხარვეზის აღმოფხვრას.

ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ როდესაც საქმე პუტინს ეხება, მასთან პირდაპირი და საჯარო მოლაპარაკებები მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა აწარმოოს და ეს ტრამპია.

სტუბმა მიანიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან პირდაპირი კომუნიკაციის არხის გახსნას ნაკლებად აპირებს.