„სტრატეგიული სისუსტე“ - Bild ევროპელი ლიდერების ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტსა და დაშვებულ შეცდომაზე

ევროპელი ლიდერების ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტმა, რომელიც უკრაინისადმი მათი ერთსულოვანი მხარდაჭერის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, სინამდვილეში „ევროპის სტრატეგიული სისუსტე“ აჩვენა, - წერს Bild ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ომის დასრულების საკითხში შესამჩნევი პროგრესი არც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში შეხვედრამ და არც ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ევროპელი ლიდერების ჯგუფის ვაშინგტონში შემდგომმა ვიზიტმა არ მოიტანა.
როგორც მედია წერს, ყველა ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, ფრონტზე არ ყოფილა და დღემდე არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არ არსებობს კონკრეტული შეთანხმებები რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის შესახებ, არ არსებობს კიევის უსაფრთხოების გარანტიები. ბრძოლები გრძელდება და მოსკოვი, იმეორებს ძველ მოთხოვნებს.
„ევროპელები დიდ დროს, რესურსებსა და ენერგიას ხარჯავენ უსარგებლო ყალბ დიპლომატიაზე. ბოლო რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ ევროპელებისთვის უკეთესი იქნებოდა, თავიანთი რესურსები და დრო თავად პუტინზე ზეწოლაში ჩაედოთ“, - განუცხადა „ბილდს“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსმა მკვლევარმა ნიკო ლანგემ.
ბერლინში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „ევროპის მდგრადობის ინიციატივის ცენტრის“ ხელმძღვანელი სერგეი სუმლიონი, ევროპელების თეთრ სახლში ვიზიტს „ევროპის სტრატეგიული სისუსტის ნიშნად“ მიიჩნევს.
„ძალის დემონსტრირების ნაცვლად, წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ, როგორც ადრე, ველით, რომ აშშ შეინარჩუნებს თავის მთავარ როლს“, - აღნიშნა მან.