Loading data...
სტივ უიტკოფი: მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს ამერიკელი მოქალაქის რობერტ გილმანის ​ჰუმანიტარული შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის. აღნიშნულის შესახებ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს. 

„დღეს საღამოს დიდი პატივი მქონდა, მივსალმებოდი რობერტ გილმანის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ. რობერტი პატრიოტია, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც ჩვენს ქვეყანას პატივით ემსახურებოდა.

ახლა მას საბოლოოდ შეუძლია, დაუბრუნდეს ოჯახს და მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება. მისი დაბრუნება დონალდ ტრამპის არაჩვეულებრივი ლიდერობისა და ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებისადმი ურყევი ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს ყოველდღიურად ბრძოლას, რათა საზღვარგარეთ დაკავებული ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდეს სამშობლოში. 

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული შეწყალებისა და ამ პროცესში პირადი ჩართულობისთვის“, - აცხადებს უიტკოფი. 

ინფორმაციისთვის, რობერტ გილმანი რუსეთში 2022 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააპატიმრეს.