Loading data...
სტივ უიტკოფი: რუსეთი უკრაინის 5 რეგიონთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდა

რუსეთი უკრაინის ხუთ რეგიონთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის „დათმობები“ იმაში მდგომარეობს, რომ ის უკრაინის მთელ ტერიტორიას არ მიიტაცებს.

„აშშ და რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა CNN-ის ეთერში.

მისი თქმით, მათ მოუწევთ მუშაობა „ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ანალოგიით“.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, დასძინა, რომ ორშაბათს, კერძოდ, ტერიტორიების საკითხს განიხილავენ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, რუსეთს მოუწევს თავის კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ „არ დაესხმება თავს ევროპის ქვეყნებს“.

მისი თქმით, ტრამპს ესმის, რომ სწორედ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაცვალონ მიწები ან აწარმოონ მოლაპარაკება რუსებთან ტერიტორიებზე.