სტეფანჩუკი: ჩეხეთის პარლამენტის სპიკერის საახალწლო მიმართვა მანიპულაციისა და ცინიზმის მაგალითია
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერის ტომიო ოკამურას საახალწლო მიმართვა „უმეცრების, მანიპულაციისა და ცინიზმის მაგალითია“. უკრაინასთან დაკავშირებით მისი კომენტარები, პირველ რიგში, ჩეხეთის რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს აზიანებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე განაცხადა.
„ტომიო ოკამურას საახალწლო მიმართვა უმეცრების, მანიპულაციისა და ცინიზმის ნათელი მაგალითია. უკრაინისა და უკრაინელების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფით, ის სინამდვილეში ზიანს აყენებს და შეურაცხყოფს, პირველ რიგში, ჩეხეთის რესპუბლიკას და ჩეხებს, რომლებიც ღირსებისა და სამართლიანობის მხარეს, უკრაინის მხარეს რჩებიან“, - აღნიშნა მან.
სტეფანჩუკის თქმით, არ ცდილობს ოკამურას განცხადებების შეფასებას, რადგან იცის, რომ ეს „მისი პირადი პოზიციაა და არა ჩეხეთის პარლამენტის და, მით უმეტეს, ჩეხი ხალხის“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოკამურას სიტყვებს ყველაზე მკაცრად თავად ჩეხები შეაფასებენ — და, რა თქმა უნდა, ისტორია, რომელშიც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი სახელი შენარჩუნდეს. ჩვენ ასევე აუცილებლად გავარკვევთ, იყო ის სასარგებლო იდიოტი, თუ FSB-ს აგენტი“, - განაცხადა რადას სპიკერმა.
ცნობისთვის, ოკამურამ თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ ჩეხეთის სახელმწიფო სახსრები არ უნდა გამოიყენებოდეს იარაღის შესაძენად, ან საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად. მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთი კიევის მხარდაჭერისთვის, რადგან, მისი აზრით, უკრაინის პარტნიორები იარაღის კრედიტით წარმოებიდან და გაყიდვიდან მოგებას იღებენ.
გარდა ამისა, ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის გარემოცვას „ხუნტა“ უწოდა და მათი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა „უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელის მატარებლიდან“, რომელიც, აშშ-ის გაფრთხილებების მიუხედავად, „მესამე მსოფლიო ომისკენ მიემართება“.