სტარმერმა და მაკრონმა უარყვეს რუსეთის მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყვიტონ

„მსურველთა კოალიციამ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოთხოვნები, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში კოალიციის შეხვედრაზე განაცხადეს.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ. ჩვენ უარვყოფთ დამატებითი პირობების შესახებ ნებისმიერ წინადადებას“, - განაცხადა სტარმერმა.
„ჩვენ ვსაუბრობთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე ხმელეთზე, ზღვაზე, ცაში. ეს უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების გაყოფის შესაძლებლობით. ყველას დახმარებით, ვისაც სურს კოალიციაში გაწევრიანება, ეს განხორციელდება“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინაპირობა იარაღის მიწოდების შეჩერების, ან სხვა ნებისმიერი საკითხის შესახებ. არანაირი. ცხადი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, ის დამატებითი სანქციებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შედეგების წინაშე აღმოჩნდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
ცნობისთვის, მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის იდეას იქამდე არ დაეთანხმება, ვიდრე დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად რუსეთს 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მკვეთრად გაზრდას გეგმავენ, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.