სტარმერი: „მსურველთა კოალიციამ“ უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმები მოამზადა
„მსურველთა კოალიციამ“ მოამზადა გეგმები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განლაგებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
„მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში ჩვენ გვქონდა პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნების ლიდერები, ასევე, სამხედრო პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო დამგეგმავები. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვსურს, შევიმუშაოთ სამხედრო გეგმები ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, კოალიციის წევრებს ამჟამად აქვთ სამხედრო გეგმები თითოეული ამ მიმართულებისთვის.
„ეს, საჭიროების შემთხვევაში, ხმელეთზე განლაგებას მოიცავს, თუმცა ახლა პრიორიტეტი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა“, - განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს. „მსურველთა კოალიციის“ წინა შეხვედრებზე, რომელიც 30-ზე მეტ წევრს აერთიანებს, ქვეყნები სამ ბანაკად დაიყვნენ: ისინი, ვინც მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ, ისინი, ვინც მზად არ არიან და ისინი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ნიდერლანდები და ავსტრალია მზად არიან, უკრაინაში ჯარები განალაგონ.