Loading data...
სტარმერი: დიდი ბრიტანეთი აშშ-ს ნებას მისცემს, ირანის სარაკეტო მარაგებზე „თავდაცვითი“ დარტყმებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, დაუშვას ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენება ირანის სარაკეტო მარაგებზე „თავდაცვითი“ დარტყმებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ვიდეომიმართვაში.

სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ირანზე თავდაპირველ დარტყმებში არ მონაწილეობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის მიერ სპარსეთის ყურის რეგიონში განხორციელებულმა ხანგრძლივმა იერიშებმა საფრთხე შეუქმნა მრავალი ბრიტანელი მოქალაქის, ტურისტისა და ჯარისკაცის სიცოცხლეს. მან ასევე თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა „ერაყის შეცდომებისგან“ გაკვეთილები ისწავლა და რომ ის „ახლა შეტევით ქმედებებს არ შეუერთდება“.

„მაგრამ საფრთხის შესაჩერებლად ერთადერთი გზა რაკეტების განადგურებაა წყაროში - მათ საწყობებში, ან გამშვებ დანადგარებში, რომლებიც რაკეტების გასაშვებად გამოიყენება“, - აღნიშნა სტარმერმა და დასძინა, რომ ბრიტანული ბაზები მხოლოდ ამ „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნისთვის“ იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ კირ სტარმერმა ეს განცხადება რამდენიმე საათით ადრე გააკეთა, სანამ კვიპროსში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდებოდა. 

„ჩვენ ასევე ჩამოვიყვანთ ექსპერტებს უკრაინიდან, ჩვენივე ექსპერტებთან ერთად, რათა დავეხმაროთ სპარსეთის ყურის პარტნიორებს ირანული დრონების ჩამოგდებაში, რომლებიც მათ თავს ესხმიან“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ იმ ფაქტით, რომ სტარმერმა აშშ-ს ჩაგოსის კუნძულებსა და კვიპროსში არსებული ბაზების გამოყენება აუკრძალა.