სტარმერი აცხადებს, რომ ზეწოლის მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პარტიის შიდა ზეწოლის მიუხედავად, თანამდებობას არ დატოვებს. ამის შესახებ მან ლონდონში ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Sky News-ი.
კითხვაზე, ნამდვილად უახლოვდება თუ არა მისი პრემიერობა დასასრულს, სტარმერმა უპასუხა, რომ წასვლას არ აპირებს და თანამდებობაზე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი.
„ეს ადრეც ვთქვი, არ ვიცი, რამდენჯერ, რომ წასვლას არ ვაპირებ. მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ამირჩია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა აღიარა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მისი პარტია 7 მაისს გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დგას. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ არ დაემორჩილება პარტიის შიდა ზეწოლას და არ გამოაცხადებს „გადადგომის გრაფიკს“.
„რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ადგილობრივი არჩევნების, ასევე, უელსისა და შოტლანდიის არჩევნების შედეგების შემდეგ პირველი პრიორიტეტი, ცხადია, არის სიტუაციის შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩემი ყურადღება სწორ ადგილას იყოს კონცენტრირებული“, - აღნიშნა სტარმერმა.