Loading data...
„სრულმასშტაბიანი ომი, ისრაელს ჩრდილოეთიდან ერთხელ და სამუდამოდ გააძევებს“ - „ჰეზბოლას“ უფროსის მოადგილე

სრულმასშტაბიანი ომი არა თუ სახლებში დააბრუნებს ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს, არამედ, მათ იქ ყოფნას „ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს“. ამის შესახებ „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ნაიმ კასემმა განაცხადა.

როგორც The Times of Israel განმარტავს, ნაიმ კასემის სიტყვებში იგულისხმება ჩრდილოეთ ისრაელის ის ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიას ლიბანი გამოთქვამს.

„ისრალიე თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი გვემუქრება, რომ თუ თავდასხმებს არ შევწყვეტთ, ის ლიბანს დაესხმება თავს, რომ ჩრდილოეთის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დააბრუნოს. მე გალანტს ვეუბნები, რომ ეს ომი სიონისტებს არა თუ სახლებში დააბრუნებს, არამედ, დიდი ალბათობით, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს მათ ყოფნას ჩრდილოეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ნაიმ კასემმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობით ისრაელის საზღვრისპირა დასახლებებისა და საგუშაგოების მიმართულებით თითქმის ყოველდღიური შეტევები დაიწყო. „ჰეზბოლაში“ ამას „ჰამასის“ მხარდასაჭერას უკავშირებენ. 

ისრაელის მხარის ბოლო ცნობებით, აღნიშნული თავდასხმების შედეგად დაღუპულია 10 მშვიდობიანი მცხოვრები და 11 ჯარისკაცი.