Spiegel: გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გრენლანდიაში 13 ჯარისკაცი გაგზავნეს
ბუნდესვერმა დანიის მიწვევით მრავალეროვნულ სადაზვერვო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გრენლანდიაში 13 ჯარისკაცი გაგზავნა. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისია 15-დან 17 იანვრამდე გაგრძელდება.
სამხედრო მისიის მიზანია, შეფასდეს, თუ როგორ შეუძლიათ სხვა ევროპულ ქვეყნებს დანიის მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით საზღვაო მეთვალყურეობის სფეროში.
ჯარისკაცების გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში გადაყვანა 15 იანვრის დილას Airbus A400M სატრანსპორტო თვითმფრინავით იგეგმება.
გერმანულმა ძალებმა გრენლანდიაში ნატოს მისიებში უკვე მიიღეს მონაწილეობა. გასული წლის სექტემბერში ისინი შეუერთდნენ ოპერაცია Atlantic Bear-ს, რომელიც მიზნად ისახავდა ალიანსის გაზრდილი ყურადღების დემონსტრირებას კუნძულის გარშემო საზღვაო რეგიონის მიმართ. ნუუკს ეწვია მომარაგების გემი „ბერლინი“, ხოლო წვრთნებში მონაწილეობდა ფრეგატი „ჰამბურგიც“.
ამჟამინდელ მისიას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის დავის ფონზე. გერმანული მედიის ცნობით, ბერლინმა დანიისგან მიწვევა გასულ კვირას მიიღო, რის შემდეგაც გერმანიის მთავრობამ ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ.
ბუნდესვერის წყაროების ცნობით, გრენლანდიის ოპერაციებში ჩართულ პირებს შორის არიან გერმანელი მთამსვლელები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილები არიან მაღალმთიან და ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურებში მოქმედებისთვის.
ამავდროულად, ბერლინი აღნიშნავს, რომ ამ სადაზვერვო მისიის გარდა, შემდგომი მისიების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიამ თავად გაგზავნა სამხედრო ტექნიკა და ჯარების მოწინავე რაზმი გრენლანდიაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგი ჯარისკაცები გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ნორვეგიამ ასევე ორი სამხედრო გაგზავნა გრენლანდიაში.