Loading data...
SpaceX-მა ბოლო მომენტში კოსმოსში ასტრონავტების გაშვება გადადო

ამერიკულმა კომპანიამ SpaceX-მა ბოლო მომენტში პილოტირებული კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის სტარტი გადადო. ამის მიზეზად ერთ-ერთი კომპლექსის ჰიდრავლიკური სისტემის პრობლემა სახელდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კოსმოსში 2 ამერიკელი, ერთი იაპონელი და ერთი რუსი ასტრონავტი უნდა გაფრენილიყო. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი წინა მისია უნდა გამოეცვალათ.

ერთობლივი მისიის ფარგლებში სხვა ამოცანებთან ერთად დედამიწაზე ორი ამერიკელი ასტრონავტის, ბუტჩ უილმორის და სუნიტ უილიამსის დაბრუნება იგეგმებოდა. ეს ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე 9 თვის განმავლობაში იმყოფება. ახალი გეგმის მიხედვით, კოსმოსში მყოფი 3 ამერიკელი ასტრონავტი და ერთი რუსი კოსმონავტი დედამიწაზე 19 მარტს უნდა დაბრუნდნენ.

უილმორი და უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდით CST-100 Starliner-ით 2024 წლის 5 ივნისს გაფრინდნენ. მათი მისია 8 დღე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ კოსმოსური ხომალდის მანევრების ძრავში პრობლემების და ჰელიუმის გაჟონვის გამო Starliner დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე დააბრუნეს, ხოლო ორი ასტრონავტი კოსმოსში უკვე 9 თვის განმავლობაში იმყოფება.