სოციოლოგიურ კვლევაში „გერმანიის ალტერნატივამ“ პირველად გაასწრო „ქრისტიან-დემოკრატებს“

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ, „გერმანიის ალტერნატივამ“ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით პირველად გაასწრო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“. სოციოლოგიური კვლევა ინსტიტუტმა YouGov-მა ჩაატარა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შეკითხვაზე, თუ ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი, არჩევნები მომავალ კვირას რომ ჩატარებულიყო, „გერმანიის ალტერნატივა“ 27%-მა დაასახელა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 26%-მა. „გერმანიის ალტერნატივამ“ ამ შედეგით 2%-ით წინ წაიწია მიმდინარე წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. სხვა კვლევების მიხედვით, „გერმანიის ალტერნატივა“ ძალზე ახლოს არის პოპულარობის დონით „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „გერმანიის ალტერნატივა“ კვლევებში პირველ ადგილზე გადის. აგვისტოში გამოქვეყნებული იყო Forsa-ს ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევები, რომლის მიხედვით „გერმანიის ალტერნატივამ“ მმართველ კოალიციას გაასწრო. მაშინ „გერმანიის ალტერნატივის“ რეიტინგმა 26% შეადგინა, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების“ – 24%.
თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებში „ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა“ ამომრჩეველთა ხმების 28,5% მიიღო, ხოლო „გერმანიის ალტერნატივამ“ - 20,8%.