სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს „ომის პარტიები“ უწოდა
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს „ომის პარტიები“ უწოდა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მისი თქმით, 2026 წლის ივნისში სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს შორის.
„უკვე ორი წელია, საზღვარზე არავინ დაღუპულა მტრის ცეცხლისგან. ომი, თუ მშვიდობა? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი არასდროს ვაჭრობდნენ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კი არასდროს საუბრობდნენ მშვიდობაზე“, – განაცხადა სიმონიანმა.
„მესმის, რომ ძალებს, რომლებიც ახლა სხდომათა დარბაზში სხედან და ძალებს, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრა სურთ, სჭირდებათ ომი, ომზე საუბარი, რათა შემდეგ ამაზე რაიმე პოლიტიკური ააგონ, მაგრამ ახლა ომი არ არის. ახლა მშვიდობაა“, – განაცხადა სიმონიანმა.
„სომხეთის ახლანდელი მთავრობა, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მშვიდობის პარტიაა, ხოლო დანარჩენი მთავარი ოპოზიციური ძალები არიან ომის პარტიები. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა მან.
რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები თუკი მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.