Loading data...
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარი თქვა

ფაშინიანი პუტინი

სომხეთმა გადაწყვიტა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO-ს) საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელსაც დე ფაქტო რუსეთი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა სააგენტო Factor.am-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. 

ბადალიანის თქმით, სომხეთი თავს შეიკავებს „ბიუჯეტის შესახებ 2024 წლის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში“ მონაწილეობისგან, რომელიც 2023 წლის 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ მიიღო.

„ერევანმა უარი თქვა ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაზე. ამასთან, არ იქნება წინააღმდეგი, ამ გადაწყვეტილების შეზღუდული ფორმატით მიღებაზე“, - დასძინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

მანამდე რუსულმა მხარემ, კერძოდ, რუსეთის მმართველის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ერევანმა CSTO-ს საქმიანობის დაფინანსებაზე უარი თქვა. სომხეთს ორგანიზაცია არ დაუტოვებია, თუმცა მის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ იღებს, კერძოდ კი ერთობლივ სამხედრო წვრთნებში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეაჩერა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, ახსნიან თუ არა ორგანიზაციის წევრები იმას, თუ რაში ხედავენ სომხეთში მათი „პასუხისმგებლობის ზონას“.