სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუბიოს ერევანში დაგეგმილ ვიზიტსა და ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებს შორის კავშირზე
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ერევანში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
კერძოდ, კითხვას, არის თუ არა რაიმე კავშირი რუბიოს ვიზიტსა და ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შორის, აპირებს თუ არა რუბიო 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის მხარდაჭერას, მირზოიანმა მოკლედ უპასუხა: „თქვენ ამის ასე გეშინიათ?“
ამასთან, მინისტრმა რუბიოს ვიზიტის დეტალური დღის წესრიგი არ გაამხილა.
„როდესაც ჩამოვა, შეგატყობინებთ“, - აღნიშნა მირზოიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. თუ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ გაიმარჯვებს, მას მიეცემა მანდატი, განახორციელოს თავისი პოლიტიკა, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოიცავს.
სომხეთის საგარეო უწყების პრესსამსახურმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ერევანს ხვალ, 26 მაისს, ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მარკო რუბიოსა და არარატ მირზოიანის შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა. ვიზიტის შემდეგ არარატ მირზოიანი პრესკონფერენციას გამართავს.