სომხეთის პრემიერ-მინისტრი: აზერბაიჯანთან კონფლიქტი დასრულებულია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი დასრულებულია. სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას News.am ციტირებს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში „წარმოუდგენელი“ იყო სიტყვების „მშვიდობა“, „სომხეთი“ და „აზერბაიჯანი“ გვერდიგვერდ ნახვა.
„მაშინაც კი, თუ ეს სიტყვები ერთად იქნება გამოყენებული, ეს წარმოუდგენელ რამეს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენელია ის, რაც 2025 წელს მოხდა და რაც ახლა ხდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა „ზაიედის“ 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე.
„თუმცა, ეს ცერემონია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების აღნიშვნა არ არის, ეს, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ იმის დადასტურებაა, რომ კონფლიქტის გვერდი დახურულია, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის ან ჩემთვის აქ მოსვლა და ამ ჯილდოს მიღებას აზრი არ იქნებოდა“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცემათ, ის ორივე ხალხს ეკუთვნის.
„წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც არსებობს რწმენა, თავდადება, ხედვა და სიბრძნე. მე მჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა, რადგან სომხეთმა და აზერბაიჯანმა გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი ახლავე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასდროს დასრულდება, რაც ორივე ქვეყანასა და ხალხს კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.